15 მაისი - იოსებ ჟორდანიას დაბადების დღეა

პროფესორი იოსებ ჟორდანია, ვის სახელსაც უკავშირდება საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის ჩასახვა და აღორძინება, 1895 წელს გორში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, თედო ჟორდანიას ოჯახში დაიბადა. გორის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში განაგრძო. მოგვიანებით მან მეანობა-გინეკოლოგიის შესწავლა დაიწყო და კლინიკური ორდინატორი გახდა. ახალგაზრდა ქართველმა ექიმმა მალე მიაღწია წარმატებას მეზობელ ქვეყანაში. სხვადასხვა დროს იგი ხელმძღვანელობდა კუიბიშევისა და მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებს.

მისმა კარიერამ პიკს მიაღწია 1942 წელს, როდესაც იგი პოლკოვნიკის რანგში წითელი არმიის მთავარ გინეკოლოგად დაინიშნა. ეს იყო ისტორიაში ერთადერთი გინეკოლოგიური სამსახური არმიაში, სადაც 8000 ქალი ირიცხებოდა. ამ თანამდებობაზე ქართველი ექიმი 1947 წლამდე დარჩა, თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის სულ სხვა რამ იყო მთავარი.

1958 წელს მან თბილისში საფუძველი ჩაუყარა ევროპაში პირველ, ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი გახდა. მან ჩამოაყალიბა უნაყოფობის კვლევის თეორიულ-პრაქტიკული იდეები და უშვილობასთან ბრძოლის გეგმა.

რიო-დე-ჟანეიროში, გალეაოს აეროპორტში, თვითმფრინავი "დუგლასი" ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც პილოტი მიხვდა, რომ საჰაერო ხომალდის ცხვირი არ ტრიალებდა. ავარიული მანევრირების შემდეგ თვითმფრინავი დაეჯახა აეროპორტის კედელს, გადაკვეთა მეზობელი ბილიკი და ოკეანეში ჩაეშვა. ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა – 1 ეკიპაჟის წევრი და 14 მგზავრი.

მათ შორის იყო ცნობილი ქართველი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგიც. მაშველი რგოლი ყველა მგზავრს ჰქონოდა, თუმცა ეკიპაჟზე იმყოფებოდა პატარა უბილეთო გოგონა, ბავშვი მაშველი რგოლის გარეშე რჩებოდა, ექიმმა გოგონას თავისი რგოლი დაუფიქრებლად გადასცა. მან კი ცურვა არ იცოდა, რომ ნაპირისკენ გაეცურა... როგორ გმირულადაც მუშაობდა მთელი ცხოვრება თითოეული პაციენტისთვის, ისევე გმირულად დაიღუპა 67 წლის ასაკში - სიცოცხლის გადასარჩენად.

იოსებ ჟორდანია მუდამ ნოვატორული იდეებით გამოირჩეოდა, რომ აზროვნებით იგი წინ უსწრებდა მსოფლიო მედიცინას. ამას ჯერ კიდევ 1961 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ მოწმობს.

ჟორდანია წერდა:

“ძველი მიდის, ახალი რჩება. ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა, მაგრამ როცა შეიძლება, ჩვენი სიცოცხლე იყოს უფრო ხანგრძლივი და მდიდარი, რატომ არ შევუწყოთ ხელი ბუნებას? თუ მას ადამიანი ისე გაუჩენია, რომ 150 წელიწადი მაინც იცოცხლოს, უნდა მეთქვა – იცხოვროს ჯან-ღონით სავსემ, იშრომოს, დრო გაატაროს… ეს, რა თქმა უნდა, მომავლის საქმეა და იქნებ არც ისე შორეული მომავლის, ჯერ კი სიბერესთან საბრძოლველად მეცნიერება სინჯავს, ეძიებს ახალ გზებს, წყვეტს დიდ და პატარა პრობლემებს… რაც შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, ის უმთავრესად ქალებს ემსახურება. უშვილობასთან, უშვილო ქორწინებასთან ბრძოლა, ქალის ახალგაზრდობის გახანგრძლივება და მოხუცებულობით გამოწვეული ცვლილებების შეჩერება – აი, რა საკითხებზე მუშაობენ ჩვენი მეცნიერი თანამშრომლები კლინიკურ და ექსპერიმენტულ ნაწილში”.

საქმე, რომელსაც მისი თანამოაზრენი, კოლეგები, მათ შორის ჩვენც, დღესაც წარმატებით ვაგრძელებთ, მუდამ იქნება იოსებ ჟორდანიას სახელობის და მისი სახელის უკვდავსაყოფად.